"პატრიარქი წუხს და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა" - არქიმანდრიტი იოანე ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა
12/07/2021 05:38:56 საზოგადოება
"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახში გვიან ღამით პატრიარქის სახელით მივიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
"შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია... უსამძიმრებს უწმინდესი და სამღვდელოება მის ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა არის მთელი საზოგადოების, ალბათ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი," - განაცხადა არქიმანდრიტმა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. გამოძიება თვიმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.


