კანცელარიასთან აქცია დასრულდა: "გადადგეს ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით"
11/07/2021 19:37:47 საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქცია სახელწოდებით „გადადგეს მკვლელი მთავრობა“ მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიაა განცხადებით, ხელისუფლებას ვადა დღის 12:00 საათამდე აქვს და თუ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას არ დატოვებენ, პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე ისევ გაიმართება.
"12:00 საათამდე უნდა გადადგეს საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მისი მეთაური და თან უნდა წაყვეს სუს-ის მეთაური ლილუაშვილი. ეს არის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია შავი ორშაბათის სამარცხვინო დარბევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ, 18:00 საათზე კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რეგიონებიდან, კიდევ უფრო მეტი მედია. ვიკრიბებით და ველოდებით გადადგომას, მხოლოდ გადადგომას. ველოდებით ხვალინდელ 12:00 საათს", – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.


