"მჯერა იმის, რომ ხალხი უბრალოდ არ დათმობს თავისუფლებას"
11/07/2021 19:36:58 საზოგადოება
"მჯერა იმის, რომ დღეს აქ მედიის თაოსნობით გამოსული ამდენი ხალხი, რომელიც ტაშს უკრავდა ლექსოს სახელის უკვდავსაყოფად, უბრალოდ არ დათმობს თავისუფლებას", – ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.
მან მოქალაქეებს ხვალ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა თუ პრემიერ–მინისტრი თანამდებობიდან არ გადადგება:
"ძალიან ძნელია ჩემთვის დღეს სიტყვების ძებნა, რადგან ლექსო ჩემ მოსაკლავად გამოქცეულ ადამიანებს შეეწირა. ჩემთან მოდიოდნენ "სირცხვილიას" ოფისში და კიბეებზე მოხდა ეს უბედურება. მჯერა იმის, რომ დღეს აქ მედიის თაოსნობით გამოსული ამდენი ხალხი, რომელიც ტაშს უკრავდა ლექსოს სახელის უკვდავსაყოფად, უბრალოდ არ დათმობს თავისუფლებას. 5 ივლისს "ღირსების მარში" იყო დაგეგმილი, რომელიც ჩაგვიშალეს; 6–ში იყო სოლიდარობის აქცია და დღეს სიცოცხლისთვის გამოვედით. ხალხო, ვინც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რომელ მხარეს უნდა იყოთ, მიმიფურთხებია ყველა პარტიისთვის ერთად, მთავარია სიცოცხლე და თავისუფლება. ის, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით, იბრძოდნენ ადამიანები და ვინც დღემდე ეწირებიან ამ ყველაფერს მათი სულები და სახელები არ უნდა იყოს ფუჭი. ხვალ ყველანი 18:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ, თუ ამ უბადრუკმა ოცნებამ ვერ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯი და არ გადააყენა ღარიბაშვილი".
მედიის სოლიდარობის აქციაზე ხელისუფლებას დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი პარლამენტთან 18:00 საათზე ისევ გაგრძელდება.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.


