Accentnews.ge
ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

11/07/2021 17:48:06 საზოგადოება

ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება დაზუსტებით ცნობილი, თუ რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი.

„ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზაში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ კვლევამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

მისი თქმით, კვლევა მისი თანდასწრებით ჩატარდა.

„მიცვალებული გამოკვლეული იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად, ჩემი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამავდროულად, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც აიღეს შესაბამისი მასალა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ამ ეტაპზე ძირითადი, სტანდარტული შეკითხვები, რაც მდგომარეობს შემდეგში: რა არის უშუალოდ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას. რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, იკვეთება თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის.

ასევე დგას საკითხი და გვამიდან აღებული იქნა ნიმუში პასუხის გასაცემად, მიღებული ჰქონდა თუ რა ნარკოტიკული ნივთიერება, მიღებული ჰქონდა, თუ არა რაიმე საძილე პრეპარატი, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებას ხომ არ ჰქონდა ადგილი. ამავდროულად, აღებული იქნა თითს ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ-ის კვლევისთვის მასალა სახის და ხელის მიდამოდან“, – აღნიშნავს გეჯაძე.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S