
ფადი ასლი: "ივანიშვილი ხელს თავის "სასიკვდილო განაჩენსაც" აწერს"
25/07/2019 11:10:50 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
„აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი ფადი ასლი პროკურატურის მიერ ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ფადი ასლი დარწმუნებულია, რომ TBC-ის საქმის უკან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას. კერძოდ, ასლის გამარტებით, ივანიშვილი ამ გზით ცდილობს ანაკლიის პროექტის ჩაძირვას, ხოლო მამუკა ხაზარაძის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, განეიტრალებას.
„100%–ით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე. ბიძინა ივანიშვილი ორი რამის მიღწევას ცდილობს: პირველი, ანაკლიის პროექტის შეჩერება, რადგან ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს და მეორე – ის [ივანიშვილი] ცდილობს, თავიდან მოიცილოს პოლიტიკური ოპონენტი მამუკა ხაზარაძის სახით, რადგან მას შეუძლია, ხალხი შემოიკრიბოს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს 2020 წლის არჩევნებში. ამდენად, ამ პროცესით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდება როგორც ივანიშვილს, ისე ქვეყანას: მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდება. ჩემი აზრით, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენსაც, ის ვეღარ გადარჩება. ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გაანადგურებს მასაც და პარტიასაც. ივანიშვილმა ამით ხარაკირი ჩაიტარა,“ - ამბობს ფადი ასლი.
რაც სეეხება ანაკლიის პორტს, ფადი ასლის დაკვირვებით, საქართველოს მთავრობის წევრები საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს:
„მინისტრები და პრემიერი ატყუებენ ყველას, ინვესტორებს, საერთაშორისო გაერთიანებას, შეერთებული შტატების მთავრობას, ისინი ასრულებენ რუსეთის ბრძანებას, რომ პორტის პროექტი ჩაძირონ, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ქვეყანას სტაბილურობის ფასად დაუჯდეს. საქართველოსთვის ახლა ძალიან სახიფათო პერიოდია და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.