Accentnews.ge
საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება

საერთაშორისო მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება

11/07/2021 17:01:23 საზოგადოება

საერთაშორისო მედია "ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენელს 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კერძოდ, BBC წერს, რომ "ლაშქარავამ სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო 5 ივლისს მომხდარი თავდასხმის დროს, თუმცა იგი საავადმყოფოდან გაწერეს. ოპერატორი კვირას გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია თავდასხმაში ბრალდებული ოთხი ადამიანი".

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია უკანონია, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია.

როგორც BBC წერს, ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" ღირსების მარშის გამართვა გააუქმა.

"მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა "პრაიდის" ორგანიზატორებს უარი ეთქვათ მარშის გამართვაზე უსაფრთხოების მიზეზების გამო, ხოლო მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება "მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის".

როგორც აქტივისტები აცხადებენ, მთავრობამ არც მათი და არც ჟურნალისტების უსაფრთხოება არ უზრუნველჰყო და სწორედ იგი არის ”პასუხისმგებელი დღევანდელ ძალადობაზე".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, მარშის პარალელურად, მოუწოდა საზოგადოებას, შეკრებილიყვნენ საჯარო ადგილზე ლოცვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ ძალიან კონსერვატიულია.

2019 წელს, მემარჯვენე დემონსტრანტები გამოვიდნენ საქართველოში პირველი ლგბტქ თემაზე შექმნილი ფილმის პრემიერის წინააღმდეგ", – წერს BBC.

The Guardian იუწყება, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

"რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" (RSF) დაგმო მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმები და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა "მიიღეს სერიოზული ტრავმები, მათ შორის ტვინის შერყევა". RSF–მა ხელისუფლება არასათანადო ქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ, პოლიციამ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა. ამასთან, ქართველი მედიამენეჯერები პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ", – წერს The Guardian.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S