ვახო სანაია: „ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ მათ გადასადგომად აქციას ვატარებთ“
11/07/2021 15:49:36 საზოგადოება
„მთავრობა უნდა გადადგეს!“ – ამ მოთხოვნით ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები აქციას პარლამენტის შენობასთან მართავენ. აქცია, რომელიც სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენი საპროტესტო ღონისძიებებისგან იმით განსხვავდება, რომ ტრიბუნაზე ჟურნალისტები დგანან.
„ამ ხელიუფლების მოქმედებით და უმოქმედობითაც ქვეყნიდან წავიდა დაღლილი, ნაცემი, ნაგვემი, გულნატკენი ბიჭი. მთელი 9 წელი სპეკულირებენ წინა 9 წლის თარიღებით, რომელიც მათ არა, ჩვენ გადავიტანეთ და მე, იმ 9 წელს დაზარალებული ადამიანი, დღეს ვამბობ, რომ თქვენ არანარი მორალური უფლება არ გაქვთ არც ერთ თარიღზე საუბრის! მიკვირს, ხალხო, მართლა როგორ მოახერხეთ, მთელი ცხოვრება ხელში მიკროფონის გარდა არაფერი მჭერია, 25 წელი ამ მოედანზე ვიდექი და როგორ მოახერხეთ, რომ სცენარზე ვდგევარ და „მთავრობა უნდა წავიდეს–მეთქი“ – ამას ვამბობ. ყოჩაღ! ამისთვის მადლობა!“,– განაცხადა აქციაზე მყოფმა ტლეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ.
კიდევ ერთი ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ „ჟურნალისტები ამ მოედანზე ყოველთვის მოვდიოდით იმისთვის, რომ გაგვეშუქებინათ აქციები, საქართველოს ხელისუფლებამ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“:
"ჩვენ არ ვართ 53 მხოლოდ, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ, შეიძლება, დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, არ გვეშინია თქვენია... იყო მოწოდება - "ნუ მომკლავ!", დღეს გვაქვს მოწოდება "ვერ მოგვკლავ!" იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე.
ბიძინა ივანიშვილს აქვს საფიქრალად დრო დილამდე. ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და ის უნდა წავიდეს.
ჟურნალისტები ამ მოედანზე ყოველთვის მოვდიოდით იმისთვის, რომ გაგვეშუქებინა აქციები, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ ეს არის ერთდღიანი შეკრება.
ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის. საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა პირდპაირ ეთერში მოუწოდა იმ მოძალადე ჯგუფებს, მკვლელების რაზმებს, პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ჟურნალისტები და აქტივისტები ყოფილიყვნენ მათი სამიზნე და მათ ეს განახორციელეს..." - თქვა ვახო სანაიამ.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი.


