რუსთაველის გამზირი კვლავ პროტესტის ეპიცენტრია
11/07/2021 14:31:22 საზოგადოება
რუსთაველის გამზირი კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. ადგილზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობის გამო, გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. ამჯერად პროტესტს, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ სპონტანურად დაიგეგმა, რამდენიმე საფუძველი აქვს: სამძიმარი ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, პროტესტი 5–6 ივლისის მოვლენებისადმი და სოლიდარობა დაზარალებულებს, მათ შორის მედიას ; მოძალადეების დასჯის მოთხოვნა და კიდევ ერთი მიზანი, რომელიც აქციამდე გაჟღერდა, ეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა, რომლის განცხადებას სახელდება მოძალადეების ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად.
აქციას კიდევ ერთი მძიმე ფონი აქვს. კერძოდ, ოპერატორის გარემოებების ირგვლივ შსს–ს ბრიფინგი, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ ირიბი მინიშნება გაკეთდა ნარკოტიკებზე.
იხილეთ ასევე: "ფაქტ–მეტრი": „ალტ-ინფო“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკვშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს"
დღეს საპროტესტო აქცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი.


