Accentnews.ge
"მთავარი მოთხოვნაა, დილამდე გადადგეს ღარიბაშვილი და მიყვეს უკან მისი მთავრობა"

"მთავარი მოთხოვნაა, დილამდე გადადგეს ღარიბაშვილი და მიყვეს უკან მისი მთავრობა"

11/07/2021 13:01:01 საზოგადოება

"ჩვენი მოთხოვნაა, დილამდე გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მიყვეს უკან მისი მთავრობა", - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" ოფისთან მედიამენეჯერების საგანგებო მიმართვის დროს.

მან მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"დღეს 18:00 საათზე რუსთაველზე მოსვლით წყვეტთ, გჭირდებათ თუ არა დემოკრატია, თავისუფალი მედია და ბოლო ბოლო, გჭირდებათ თუ არა სახელმწიფო, რომელიც თქვენია და არა ამ კორდონს უკან შეკრებილი ხალხის.

ჩვენი მთავარი და უპირველესი მოთხოვნა არის: დილამდე გადადგეს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მიყვეს უკან მისი მთავრობა და ასევე, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. ესენი არიან ადამიანები, ვინც დაგეგმეს და ორკესტრირებულად ჩაატარეს შავი ორშაბათი ქართული მედიის. ეს ადამიანები უნდა წავიდნენ" – განაცხადა გვარამიამ.

"ფორმულას", "ტვ პირველის", "მთავარი არხისა" და "ტვ კავკასიის" გენერალურმა დირექტორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S