Accentnews.ge
"მოვუწოდებ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები"

"მოვუწოდებ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები"

11/07/2021 12:40:58 საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყოს და მოძალადეები დააკავოს.

"ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება, როგორც საკუთარი მედიასაშუალებების, ასევე საჯარო ადგილებში, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მომხრეებს, ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე. მოვუწოდებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ ახლა გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები და ჩვენ ვნახეთ ადგილზე ეს მოწოდებები და მოვუწოდებ მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ლექსო სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა", - განაცხადა ლომჯარიამ.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S