„სამშობლოს დაცვა სხვა რამაა!“, „როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას!“ – რიგი სასულიერო პირების რეაქცია 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალებაზე
11/07/2021 12:36:43 საზოგადოება
„ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს რიგი სასულიერო პირები ეხმიანებიან და დღეს გმობენ 5 ივლისის ძაალდობრივ მოვლენებს.
„მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი. ადამიანები ყოველ დღე იღუპებიან. გარდაცვალება ამ ცხოვრებისთვის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული, ისევე, როგორც დაბადება. ჩვენ წუთისწოფლის მგზავრები ვართ, მაგრამ არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანის სიცოცხლე ხელყოს, რადგან შენ არ მიგიცია მისთვის სიცოცხლე“,– განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.
ქადაგების შემდეგ მან მედიასთან გააკეთა კომენტარი და გამოთქვა იმედი, რომ „კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი, ვინც ქრისტიანული ეთიკის საპირისპიროდ ცუდად იქცეოდა“.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ამბობს, რომ თუ ძალადობრივ მოვლენებში ეკლესიას აქვს როლი, თავად, როგორც ეკლესიის ნაწილი და ეპისკოპოსი, პასუხისმგებლობას ითხოვს:
„მრცხვენია კიდეც, ამ ადამიანის ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ. ქრისტეს ეკლესია, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება, მოწოდებით ან ნებისმიერი კუთხით .... ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას. თუ ჩემი წილი, როგორც ეკლესიის წილი არის ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხსმგებლობას“.
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ „სამშობლოს დაცვა სხვა რამეა“:
„მწუხარებით მინდა, მის ოჯახს მივუსამძიმრო და ზოგადად, საზოგადოებას. ვფიქრობ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა ზოგადად. როცა შენ ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით არასწორს აკეთებ, არ ნიშნავს, რომ ეს მოქმედება სწორია“.
დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„გულწრფელად მაინტერესებს, ქრისტიანობის ქადაგება თუ ძალადობით უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ ალეგორიებით არა, აშკარად თქვან და იქნებ უარი ვთქვა ასეთ ,,სარწმუნოებაზე“.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი.


