Accentnews.ge
შსს: "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები"

შსს: "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები"

11/07/2021 12:22:08 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაცილეებს აფრთხილებს, "არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები".

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს. მას აქტივისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S