Accentnews.ge
რეგულირების სააგენტომ “ნიუ ჰოსპიტალში” ლაშქარავას საქმის შესწავლა დაიწყო

რეგულირების სააგენტომ “ნიუ ჰოსპიტალში” ლაშქარავას საქმის შესწავლა დაიწყო

11/07/2021 11:11:36 საზოგადოება

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” ტვ “პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას სამედიცინო ისტორიის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გაწერის დროს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, რამიშვილი ამბობს, რომ ეს ექსპერტიზის საგანია.

"პაციენტის მდგომარეობა გაწერის დროს იყო დამაკმაყოფილებელი. მას მიეცა რეკომენდაციები. სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და დახმარება. გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

გაწერის ვადა არის სტანდარტული, ის კლინიკიდან ნაადრევად არ გაწერილა. გაწერის წინ გაუკეთდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია.

ვთანამშრომლობთ რეგულირების სააგენტოსთან, რომელიც სწავლობს დოკუმენტაციას - პაციენტის დაავადების მიმდინარეობას, შესრულებულ ჩარევებს და დასკვნას გამოიტანს რეგულირების სააგენტო.

დანარჩენი არის ექსპერტიზის საგანი. უნდა იმსჯელოს ექსპერტიზამ, რომ არ იყოს სივრცე სპეკულაციებისთვის.

პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა თვალ-ბუდეზე, რომელიც იყო დამსხვრეული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო ტვინის შერყევაც". - თქვა გიორგი რამიშვილმა.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S