„თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს
11/07/2021 09:46:15 საზოგადოება
„თბილისი პრაიდი“ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
"ძალიან მძიმე დღე გათენდა..
ვუსამძიმრებთ მოკლული ლექსო ლაშქარავას ოჯახს!
ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს ამ საშინელ ტრაგედიას!“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს დილით გარდაიცვალა.
![]()
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.


