Accentnews.ge
ქარტია: "დადგეს შს მინისტრის და პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა"

ქარტია: "დადგეს შს მინისტრის და პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა"

11/07/2021 09:42:39 საზოგადოება

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას". - აცხადებს ქარტია და მოითხოვს:

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;

  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S