Accentnews.ge
“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” — ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ თბილისში აქცია დაანონსდა

“გადადგეს მკვლელი მთავრობა!” — ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ თბილისში აქცია დაანონსდა

11/07/2021 09:22:07 საზოგადოება

ტვ “პირველის” ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში აქცია დაანონსდა.

პროტესტი პარლამენტის შენობის წინ დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “სირცხვილია” არის.

“ტვ “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა. 1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას!”, – აცხადებენ "სირცხვილიაში".

ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S