5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა
11/07/2021 06:13:36 საზოგადოება
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ლაშქარავა საკუთარმა დედამ იპოვა გარდაცვლილი:
"ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბოლოს პარასკევს ვნახე. თქვა, რომ ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რადგან სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს როცა დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივ დაიძინაო. ოთახში დღეს დილით შევიდა დედა და უნდა ეთხოვა ძაღლის გასეირნება. ლექსო უკვე იყო გარდაცვლილი".
ცნობისთვის: ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
"აქცენტი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და "ტვ პირველის" თანამშრომლებს.


