აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა
08/07/2021 16:23:49 საზოგადოება
აფხაზეთიდან საქართველოში 1 ივლისს გადმოყვანილ 1 წლამდე ჩვილს, რომელიც ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, პირველადი სპეციფიური PCR კვლევით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი თბილისში გადმოყვანამდე აფხაზეთში, სოხუმის კლინიკაში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა თბილისში კლინიკაში შემოსვლის დროს უკვე მძიმე იყო – მართვით სუნთქვას საჭიროებდა.
ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამ დროისთვის წლამდე ასაკის სამი ჩვილი იმყოფება, რომელთაგან კორონავირუსი ორს აქვს დადასტურებული. მეორე ბავშვის შემთხვევაში ფიქსირდება ე.წ. ბრიტანული შტამი.
საქართველოში "ინდური შტამი" 27 მაისს დაფიქსირდა. 6 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ შტამის 52 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ დელტა შტამით ინფიცირების რიცხვი გაცილებით მეტია და ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 15-20% სწორედ დელტა შტამზე მოდის. არის პროგნოზი, რომ აგვისტოსთვის "ბრიტანულ შტამს" მთლიანად "ინდური შტამი" ჩაანაცვლეს, ამიტომ სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის საქართველოში დღიურად აცრის მაჩვენებელია 5 702, სულ აცრილია 283 631 მოქალაქე.


