„მე რაც ვნახე, იყო აქციაზე მდგომი მამაო, რომელიც ამბობდა, „ვალდებული ხართ, იძალადოთ!“ – ნაცვლიშვილი – ჯაფარიძის განცხადებაზე
08/07/2021 14:19:18 პოლიტიკა
„მე რაც ვნახე, იყო აქციაზე მდგომი მამაო, რომელიც ამბობდა, „ვალდებული ხართ, იძალადოთ“. ეს ფაქტია! შეიძლება, ბადრიმ [ჯაფარიძე – რედ. ] ვერ ნახა, მაგრამ მე ვნახე და ნახა ბევრმა ადამიანმა",– ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „აქცენტთან“ ამავე პარტიის თანადამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ძალადობისას, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა და იღებდა საშიშ მასშტაბებს, საპატრიარქოს, მით უფრო, რომ ფლობს ავტორიტეტს, ასევე აკისრია ვალდებულება, მყისიერად მოახდინოს რეაგირება.
„მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მათი სახელით მიმდინარეობდა ძალადობა, ვფიქრობ, იყო მყისიერი რეაგირების ვალდებულება. როდესაც გაქვს ავტორიტეტი და ძალა, უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დაიცვა ადამიანები, რომლებსაც დევნიან. მე ასე მჯერა და მგონია, რომ ეს არის ეკლესიის და რელიგიის როლი და ასეთი არაერთი მაგალითია საეკლესიო ისტორიაშიც. ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია შეიცვლის თავის პოზიციას, მაგალითად, ლგბტ ადამიანებზე. არც ადამიანის უფლებათა სამართალი ავალდებულებს ეკლესიას, ან რომელიმე რელიგიურ დოქტრინას, შეიცვალოს შეხედულებები. რა უფლება აქვს სამართალს, შეიჭრას ეკლესიის დოქტრინაში. არა! ეს ასეა ყველა საერთაშორისო სტანდარტით, მაგრამ ის ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ადამიანები. ის, რომ დაიცვა დევნილი, ჩაგრული, ზიზღის ობიექტი, არ ნიშნავს, რომ შეიცველბა რელიგიური დოქტრინა“,– ამბობს "აქცენტთან“ ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ერთ–ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა "პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას, მთავრობას, მის მეთაურს, მინისტრებს, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ ძალადობის აღკვეთა" და ერთგვარად აარიდა პასუხისმგებლობა საპატრიარქოს, როდესაც განაცხადა, რომ მისგან ძალადობისკენ მოწოდება არ მოუსმენია: "საპატრიარქოს ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია, ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. მთავრობის მეთაურმა წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები და აუნთო მწვანე შუქი. ამის გამო გრძნობდნენ ისინი თავს დაუსჯელად გუშინ. ჩვენ პირდაპირ გვექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციას ჰქონდა მითითება, არ ჩარეულიყო ამ პროცესებში და არ აღეკვეთა ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, აუხსნელია, რატომ აკვირდებოდნენ პოლიციელები, როგორ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და არანაირ ქმედით და რადიკალურ ზომებს არ იღებდნენ იმისათვის, რომ ეს აღკვეთილიყო".


