"საპატრიარქოსგან ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია"
07/07/2021 14:41:10 პოლიტიკა
"საპატრიარქოსგან ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია", – ამის შესახებ "ლელოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა "პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას, მთავრობას, მის მეთაურს, მინისტრებს, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ ძალადობის აღკვეთა".
"საპატრიარქოს ძალადობისკენ მოწოდება არ მომისმენია, ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. მთავრობის მეთაურმა წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები და აუნთო მწვანე შუქი. ამის გამო გრძნობდნენ ისინი თავს დაუსჯელად გუშინ. ჩვენ პირდაპირ გვექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციას ჰქონდა მითითება, არ ჩარეულიყო ამ პროცესებში და არ აღეკვეთა ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, აუხსნელია, რატომ აკვირდებოდნენ პოლიციელები, როგორ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და არანაირ ქმედით და რადიკალურ ზომებს არ იღებდნენ იმისათვის, რომ ეს აღკვეთილიყო", – აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.
6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, პოლიტიკოსთა ნაწილმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. აქციის პარალელურად, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს. დაპირისპირებულ მხარეებს პოლიციის კორდონი ჰყოფდა, რომელსაც პერიოდულად მოძალადეები არღვევდნენ და სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. მას შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია დასრულდა, პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა, მოძალადეებმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოძალადე ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაახლოებით ღამის 3 საათზე დატოვეს.
შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე 100 პირი დააკავეს, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.


