Accentnews.ge
ტაჯიკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარება სთხოვა

ტაჯიკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარება სთხოვა

08/07/2021 06:50:59 მსოფლიო

ტაჯიკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (სამხედრო ალიანსი რუსეთის ხელმძღვანელობით, რომელიც რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს აერთიანებს) ქვეყნებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარების თხოვნით მიმართა.

«იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში იქმნება, ასევე იმის გამო, რომ ავღანეთან საზღვრის რიგი მონაკვეთები ძნელად მისადგომ სივრცეებშია განლაგებული, ძალზე რთულია, ამ ამოცანას მარტონი გავუმკლავდეთ», - განაცხადა ხსენებულ ორგანიზაციაში ტაჯიკეთის წარმომადგენელმა ხასან სულთონოვმა და დასძინა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ავღანეთში სამთავრობო ძალებზე თალიბების შეტევის ფონზე ტაჯიკეთის საზღვარი დაახლოებით 1500-მა ავღანელმა სამხედრომ გადაკვეთა.

დუშანბეს თხოვნას წინ უძღოდა განცხადება მოსკოვიდან. «საჭიროების შემთხვევში რუსეთი მზადაა, დამატებითი ნაბიჯები გადადგას საზღვრების უსაფრთხოების დაცვაში ტაჯიკეთის დასახმარებლად», - განაცხადა 6 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

ცნობისთვის: ტაჯიკეთის ტერიტორიაზე რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს რუსეთის უმსხვილესი სამხედრო ობიექტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

თალიბებმა შეტევა ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედროების გაყვანის პროცესის დაწყებისთანავე წამოიწყეს. დასავლეთის კოალიცია გეგმავს, თავისი სამხედროების გაყვანის პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაასრულოს.

როგორც ტაჯიკეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რადიკალი ისლამისტების კონტროლქვეშ ამჟამად ავღანეთთან საზღვრის დაახლოებით 2/3-ია. მთლიანობაში საზღვრის პერიმეტრი 1350 კმ-ს აღემატება.

დუშანბეში ასევე ამბობენ, რომ დევნილების ტალღას ელიან და უკვე დაიწყეს ქვეყანაში გადასულთა საკვებითა და საცხოვრისით უზრუნველყოფა.

თავად ავღანეთში კი თალიბებმა ბოლო კვირების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები ქვეყნის ჩრდილეთ ნაწილში. სულ უფრო ხშირად ისმის შეშფოთება, რომ მათმა შეტევამ შესაძლოა, ქაბულის საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების კრახი გამოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S