"საროჩკა" შემოიხია, გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი“ – მეუფე იოანე ჟურნალისტის ჩაქოლვის მცდელობის შემდეგ
08/07/2021 06:33:22 საზოგადოება
მიუხედავად უმძიმესი კადრების არსებობისა, რომელზეც ასახულია, როგორ უსწორდება ათობით ადამიანი ახალგაზრდა ჟურნალისტს რატი წვერავას, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ჟურნალისტს ადანაშაულებს მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციაში.
ჟურნალისტზე თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ის 5 ივლისს რუსთაველზე, პარლამენტის წინ მეუფე იოანესთვის კითხვის დასმას ცდილობდა.
კადრებში ჩანს, რომ თავზე ხელებაფარებული ჟურნალისტი ცდილობს თავდამსხმებელისგან თავის დარღწევას.
„ცივ წყალს ასხამდნენ და იძახის, რომ „200 მეტრი მიწაზე მათრიესო“. ვინ გათრია? [იცინის– რედ] გამოგაგდეს, გადი აქედან. "საროჩკა" სველი ჰქონდა, შემოიხია, გადააგდო, გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი და იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო [იცინის–რედ]. რაში დაგეხმარო ძმაო?, გინდა, შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი, თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული ნორმები საზოგადოებაში ქცევისა დაარღვიე და ითხოვ პატივისემას? შეურაცხყოფ საზოგადოებას და პატივისცმას ითხოვ? თავხედობით, კადნიერებით, უტიფრობით, ძალადობით? დაუშვებელია!“,– განაცხადა თემის კომენტირებისას მეუფე იოანემ.
მოგვიანებით, მოძალადეების მიერ ნაცემი ჟურნალისტი მეუფის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სწორედ სასულიერო პირმა მისცა ბიძგი მასზე ძალადობას":
"მეუფე, რა თქმა უნდა, მე შემოვიხიე პერანგი იმიტომ, რომ სველი მქონდა; მე მივიყენე ფიზიკური დაზიანებები სახეზე, თავზე, სხეულზე, თქვენ საერთოდ რა შუაში ხართ - რეალურად კი, სწორედ მეუფე იოანე გამრეკელი იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩემზე განხორციელებულ ძალადობას", - განაცხადა რატი წვერავამ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რატი წვერავაზე თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან.
ინფორმაციისთვის: ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.


