"შსს–ს წარმომადგენლები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გამოიყენებდნენ ძალას საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებული ძალების წინააღმდეგ"
08/07/2021 06:05:06 საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებამდე შსს-ს წარმომადგენლები "პრაიდის" ორგანიზატორებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი საპატრიარქოს და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ ძალას ვერ გამოიყენებდნენ.
თაბაგარის თქმით, შსს-მ აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი ალტერნატიული სივრცე შესთავაზა, რომელიც საჯარო გამოსვლისთვის შესაფერისი არ იყო.
"შემგვთავაზეს გამოფენის სივრცე, რომელიც არ არის ადეკვატური ალტერნატივა საჯარო შეკრების, ამიტომ ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით. სხვა დანარჩენი ღია სივრცე არ შემოუთავაზებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას. ისინი ამბობდნენ, რომ 20-30 ათასი ადამიანის მობილიზებას ელოდნენ. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ისინი ვერ გამოიყენებდნენ ძალას, კონკრეტულად საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებული ძალების მიმართ. გადაწყვეტილების მიღების ხაზი არ გადის დარახველიძეზე. ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი და საქართველოს მთავრობა, მათ არ აღმოაჩნდათ პოლიტიკური ნება, რომ დაეცვათ ადამიანის უფლებები",- განაცხადა თაბაგარმა.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.
6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, პოლიტიკოსთა ნაწილმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. აქციის პარალელურად, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს. დაპირისპირებულ მხარეებს პოლიციის კორდონი ჰყოფდა, რომელსაც პერიოდულად მოძალადეები არღვევდნენ და სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. მას შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია დასრულდა, პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა, მოძალადეებმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოძალადე ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაახლოებით ღამის 3 საათზე დატოვეს.
შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე 100 პირი დააკავეს, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.


