როგორია ქვეყნის მასშტაბით "ინდური შტამის" გავრცელების მაჩვენებელი
07/07/2021 11:05:12 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ინდური შტამი ბევრ ქვეყანაში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და საქართველოში მისი გავრცელება 15-20%–ის ფარგლებშია.
„დელტა შტამი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში თანდათანობით ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ჩვენთანაც, გასულ კვირას ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 25 შემთხვევა დადასტურდა, ანუ 15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ ამ შტამის გავრცელებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდებ და შეკავების ერთადერთი მექანიზმი ვაქცინაციაა. ამ კუთხით, გამყრელიძის თქმით, მოქალაქეების აქტივობა იზრდება, თუმცა ეს სათანადო ეფექტის მისაღებად, საკმარისი არ არის:
„დაიძრა ვაქცინაციის პროცესი. გუშინ გვქონდა ხუთი ათასამდე, პირველ დღეს გვქონდა სამი ათასი, დღეს არის დაჯავშნილი დაახლოებით ექვსი ათასამდე. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს. გუშინ სერიოზული მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ის სლოგანი, რითიც გუშინ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი ალმამატერი გამოვიდა, რომ შევხვდეთ შემოდგომას უსაფრთხო უნივერსიტეტებით, ანუ იყოს ყველა სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ორჯერადად აცრილი, ეს უნდა აიტაცოს ყველა უნივერსიტეტმა საქართველოში. შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით შემოდგომას, იყოს ყველა სასტუმრო, რესტორანი უსაფრთხო, ეს მოძრაობა თანდათან უნდა გაძლიერდეს. რაც უფრო გაფართოვდება ვაქცინაცია, ხელმისაწვდომობაც მეტად გაფართოვდება. გუშინ ჩვენ დავაყენეთ საკითხები სავაჭრო მოლებში ამცრელი პუნქტების განთავსებაზე, ასევე ე.წ. დრაივ აცრებთან, აფთიაქარებთან დაკავშირებით და თანდათან ეს უნდა გაიშალოს. დღეს უკვე ვაქცინების მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნის დეფიციტი. საიტზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბევრ დაწესებულებაში არის დაუჯავშნელი ადგილი. დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“.


