„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, შეკავების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“
07/07/2021 09:47:33 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციაა და ვირუსის გავრცელების შეკავების გზა არის მასობრივი ვაქცინაცია.
„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების – დადებითობის მაჩვენებელი ზემოთ მიდის. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – ამირან გამყრელიძე.
თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ ვაქცინაციის პროცესს დეფიციტის შექმნის კუთხით საფრთხე არ ემუქრება:
"ყველაზე დიდი წარმატება არის ვაქცინაციის პროცესის 5 ივნისიდან დაწყება ქვეყანაში და მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება აქაც იქნება მაქსიმალურად სოლიდარული. მთავრობამ, თავის მხრივ, იზრუნა და ჩვენ გვაქვს ამ ეტაპისთვის უკვე შესყიდული 3 მილიონ დოზამდე და დონაციით მიღებული 100 000 დოზაზე მეტი ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება დეფიციტის შექმნის კუთხით“.


