მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს
07/07/2021 09:03:48 საზოგადოება
მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს.
აქციაზე მყოფები ძალადობაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.


