მეზვრიშვილი – ოცნებას: „ასეთი განცხადებები შესაძლოა, ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს“
07/07/2021 07:27:33 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ჯგუფები, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალადობდნენ და ორჯერ ჩამოხიეს ევროკავშირის პარლამენტის წინ აღმართული დროშა, მმართველი გუნდის წინააღმდეგ მოქმედებენ, თუმცა პროცესზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავარი არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ქცევებია და მაგალითად რამდენიმე შემთხვევა მოჰყავთ.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხან ამ ადამიანების [ძალადობრივი ჯგუფების – რედ.] სახელით ესხმის თავს დასავლურ ღირებულებებს, (დროშის ჩამოხევაც ერთ–ერთი მაგალითია), ხან მოსამართლეების გამოყენებით და სასამართლოს მეშვეობით, რომლებიც გამოდიან და შეგვახსენებენ, რომ დასავლეთის მხრიდან ადეკვატური მოთხოვნები, რომელიც შეთანხმებაში [შარლ მიშელის დოკუმენტი – რედ.] გვიწერია, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. ასეთი განცხადებები, სხვადასხვა პირის მიერ წარმოთქმული, შესაძლოა, ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან მოქმედებს, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ. ქვეყნის იმიჯი კი არ ზიანდება, უკვე დაზიანდა!“,– ამბობს თემის კომენტირებისას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი.
იხილეთ ასევე: მოსამართლეები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს აკრიტიკებენ
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, პოლიციამ ძალადობრივ ჯგუფებს კორდონი გაუხსნა და რუსთაველის გამზირის დაკავების უფლება მისცეს. მათ 5 ივლისის მსგავსად, 6 ივლისსაც ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დახიეს. კეთდებოდა ნატო–ს და ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები.
შსს იუწყება, რომ ძალადობრივი მოვლენების ფონზე 100 პირი დააკავეს, თუმცა მათგან 68 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.


