რუსეთში ესტონეთის კონსული დააკავეს
07/07/2021 04:40:21 მსოფლიო
რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა სანქტ-პეტერბურგში ესტონეთის კონსული მარტ ლიატე დააკავეს, - იუწყება DW.
მას რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღებაში ადანაშაულებენ.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმიანობა არ შეესაბამება დიპლომატის სტატუსს და რუსეთის ფედერაციის მიმართ მკაფიო მტრული ხასიათი აქვს.
„უცხოელი დიპლომატის მიმართ ზომები საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იქნება მიღებული", - აცხადებენ „ეფესბეში“.
მომხდარს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების პრესსპიკერის განცხადებით, დიპლომატის დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ირჩევს დაპირისპირებას ევროკავშირის ქვეყნებთან, ნაცვლად იმისა, რომ შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია მათთან ურთიერთობაში. მან მოსკოვის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.


