Accentnews.ge
საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

06/07/2021 18:32:40 საზოგადოება

საპატრიარქო რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიმშიდისკენ მოუწოდებს.

„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია. დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობს – პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ.

მეორე აქცია ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციას აქვს კორდონი გაკეთებული, აღმართულია რკინის ჯებირები. "პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კორდონის გარღვევას პერიოდულად ცდილობენ. რამდენჯერმე გაიმართა ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და მოძალადეებს შორის.

მოძალადე ჯგუფებმა პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირების მოხსნა სცადეს და შსს-ს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ქვებს ესვრიან.

სამართალდამცველებმა რამდენიმე მოძალადე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S