„უკულტურო ქცევები არ მიყვარს“ – ჭყონია სოლიდარობის აქციას შეუერთდა
06/07/2021 17:52:14 საზოგადოება
ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რუსთაველის გამზირზე გამართულ მდუმარე აქციაზე მივიდა.
„წინააღმდეგი ვარ ასეთი საშინელი ქცევების, უკულტურო ქცევები არ მიყვარს. კატასტროფა იყო პატარა ბავშვების ცემა როგორ შეიძლება. საშინელებაა“,- ამბობს ჭყონია.
აქციაზე ასე იმყოფება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
„ადამიანებისადმი დამოკიდებულება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ, რაც ჩვენს ქვეყანაში დავინახეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა გაღვიძება.
მინდა, რომ ქვეყანამ იცოდეს, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ სწორად ვაზროვნებთ, ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, როცა სხვა ადამიანი არ დაიჩაგროს და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუნებთ“,- აცხადებს კულუმბეგოვი.
მისი თქმით, არავის, ქვეყანაში ძალადობის უფლება არ უნდა ჰქონდეს:
„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ხელისუფლებას ვთხოვ, რომ კანონის უზენასობა აღადგინოს და კანონის წინაშე ყველამ აგოს პასუხი“.
ამ წუთებში რუსთაველზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. რუსთაველზე ასევე შეკრებილები არიან ძალადობრივი ჯგუფი და პერიოდულად ცდილობენ სოლიდარობის აქციაზე შეღწევას. ადგილზე რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა. ბოლო 20 წუთია, ვთარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.


