
"გუშინდელმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე"
06/07/2021 10:51:53 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ გუშინ თბილისის ქუჩებში განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა "ჩრდილი მიაყენა საქართველოს ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე".
როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე (“სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, ესტონეთი) "აქცენტთან" საუბრისას აცხადებს, "ქვეყანა სერიოზულად რომ იყოს აღქმული ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან, 19 აპრილის შეთანხმება სრულფასოვნად უნდა განხორციელდეს".
ამასთან, ევროპარლამენტარი განმარტავს, რას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები:
"ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, რომლებიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებად არის ცნობილი, ითვალისწინებს, მათ შორის სტაბილური, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ უმცირესობების უფლებებს - ეს მოიცავს LGBQI პირთა კონსტიტუციურ უფლებებს, მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებაში".
მისივე თქმით, შესაბამისი ორგანოების მხრიდან სასწრაფოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანების უსაფრთხოება და "პრაიდამდე" გამოვლენილი ჰომოფობიური რიტორიკის დაგმობა.
"სასწრაფოდ არის საჭირო არა მხოლოდ იმ ვალდებულების შესრულება, რომ უზრუნველყონ ადეკვატური უსაფრთხოება, არამედ იმ უხეში ჰომოფობიური რიტორიკის დაგმობაც, რომელსაც ადგილი ჰქონდა "პრაიდის" წინა პერიოდშიც. LGBTQI საზოგადოება შეიძლება, იყოს უმცირესობა საქართველოში, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ისინი დაიცვან სამართალდამცავმა ორგანოებმა", – განაცხადა კალიურანდმა.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.