ვის პასუხისმგელობას ხედავენ „ქართულ ოცნებაში“ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე
06/07/2021 10:15:49 პოლიტიკა
მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც 5 ივლისს, ძალადობრივი მოვლენების დროს ძირითადად დუმდნენ, გაკეთდა რა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი განცხადება, დღეს დაგმობას შეუდგნენ.
ძალადობა დღეს დაგმო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის 5 ივლისის განცხადება, მით უფრო, რომ ძალადობრივი პროცესები უკვე დაწყებული იყო, სწორედ რომ ძალადობის წახალისებად იქნა აღქმული. ამას დაერთო ძალადობის კერებში პოლიციის არასათანადო მობილიზება, შედეგად კი ათეულობით პოლიციელი ასეულობით მოძალადესთან გამკლავებას, ძალადობის პრევენციას ვერ ახერხებდა და ვერ ახორციელებდა საკუთარ ვალდებულებას – ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების უსაფრთხოებას.
უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერის გუშინდელი გამოსვლისგან განსხვავებით, რომელმაც მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მოძალადეებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა, მშვიდობიანი დემონსტრანტების უკან მდგომ ძალად კი ენმ დაასახელა, მმართველი გუნდის წევრებმა ტონი შედარებით შეიცვალეს და ამასთან, საპატრიარქოსგან განსხვავებით, ძალადობაზე პასუხისმგებლობას მოძალადეებს აკისრებენ, თუმცა არც კონტრაქციის ორგანიზატორების, მათ შორის, სასულიერო პირების პასუხისმგებლობასა და არც საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობენ.
მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ახლა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოძალადეების იდენტიფიცირებასა და ძალადობის ფაქტების გამოძიებაში ხედავს, და ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის განცხადება იყო არა წამახალისებელი, არამედ – პრევენციული.
მსგავი პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს:
„გუშინ რაც ვიხილეთ, ისედაც ძალიან დრამატული და მძიმე სანახავი იყო და მას არასწორი შეფასებების დამატება არ სჭირდება, მათ შორის, ის, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პრემიერის განცხადების თაობაზე, თითქოს ამან გაუკეთა პროვოცირება იმას, რაც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.
ამ ნაწილში თანაგუნდელების მსგავსად კატეგორიული არ არის დეპუტატი დავით სერგეენკო და ის ჟურნალისტებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს:
„ეს იყო საქციელი, რომელზეც ყველა ადამიანმა პასუხი ძალიან სწრაფად უნდა აგოს. რაც გუშინ მოხდა – 50–ზე მეტი ადამიანის ცემა, არ ვიცი ამას რა ჰქვია..არის თუ არა კავშირში წახალისებასთან...არ მგონია, პრემიერის ნათქვამს ჰქონოდა გავლენა“.
ძალადობის ავტორების გამოვლენასა და სათანადო დასჯის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა:
„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უფრო, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, 10–10 კაცი რომ 1–1–ს დასდევს, ამას ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?! მით უმეტეს მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. შეუძლებელია, კადრები, რომელიც ვიხილე, მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ, ზედ შესაძლოა, მათი შვილები იყვნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე მსგავსი ქმედება? ყოვლად მიუღებელია! აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯია მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. უნდა დაისაჯოს ყველა!“.
მანამდე მან განვითარებულ მოვლენებს „მარაზმი“ უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად საქმიანობის უფლებას კონსტიტუცია 5 ივლისის მდგომარეობითაც აძლევდა და ამავე კონსტიტუციით დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამ კონსტიტუციის აღსრულება მმართველი გუნდის ვალდებულება იყო და არის, დეპუტატი ნინო წილოსანი 6 ივლისს გვარწმუნებს, რომ „გუშინდელი მოძალადეების დასჯის გარანტია არის ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“:
„ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ შემდგომში არასდროს არც ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, მათი გადასახედიდან რაოდენ ღირსეული მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, არ და ვერ გაბედონ ასეთი ვიკინგობა, ასეთი ძალის და აგრესიის გამოვლენა“.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში იბარებს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომლის უწყებამაც ასევე დაგმო ძალადობა, არადა მას რეალურად ამ ძალადობაზე რეაგირება და მოქალაქეების უსაფრთხოების უზუნველყოფა ევალებოდა, რაც ვერ შეძლო:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში“,– ვკითხულობთ შსს–ს 5 ივლისის განცხადებაში.
გარდა იმისა, რომ უნდა დაისაჯონ მოძალადეები, ახლა დაზარალებული მოქალაქეების მთავარი კითხვაა, ძალადობის მოლოდინის ფონზე, რატომ არ იყო ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია მობილიზებული, რატომ არ დაიცვა შს მინისტრმა მოქალაქეების, მათ შორის საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება, რომლებიც ასევე გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. „ქართულ ოცნებაში“ გადაჭრით არ ამბობენ, დაიბარებენ თუ არა მინისტრს პარლამენტში.
„ჩვენ ცალკე ფორმატიც გვაქვს, რომ უმრავლესობამ დავიბაროთ შს მინისტრი და ვაპირებთ. ვერ წარმოვიდგენდი, დღესაც ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ განახორციელო – ოპერატორს და ჟურნალისტს გაეკიდო, ფიზიკურად გაუსწორდე, ტურისტი დაჭრა...“,– უზიარებს საკუთარ შეშფოთებას ჟურნალისტებს დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი "ჟურნალისტების დაცვისთვის" პოლიციას მადლობას უხდის:
"იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს. იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე".
ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ, თვლის, რა რომ მას „მსგავსი ვალდებულება არ აქვს“.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.
ამ დროისთვის ძალადობის ფაქტებზე მხოლოდ სამი პირია დაკავებული.


