ღარიბაშვილი გუშინდელ ძალადობრივ მოვლენებს დღეს გმობს
06/07/2021 08:01:19 პოლიტიკა
"ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ფაქტი, რაც გუშინ მოხდა და მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
"თქვენზე, ჟურნალისტებზე ძალადობა, რა თქმა უნდა არის მიუღებელი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად, დღეს 3 პირი დააკავეს, გუშინაც დააკავეს რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით, ყველა პირისი იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა ყველა იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილს 5 ივლისს დღის პირველ ნახევარში გაკეთებული განცხადების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე ჯგუფები ქალაქის მასშტაბით დასდევდნენ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, კომენტარი არ გაუკეთებია. დღის პირველ ნახევარში გაკეთებული განცხადება კი აღქმულ იქნა მოძალადეების წახალისებად, დასვა რა მან ტოლობის ნიშანი მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მოძალადეებს შორის, მით უფრო, რომ იმ დროისთვის ძალადობის პროცესი უკვე დაწყებული იყო: რადიკალურ ჯგუფებს პარლამენტთან დარბეული ჰქონდათ საპროტესტო კარვები.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.


