აქტივისტები: "პრაიდი" აუცილებლად ჩატარდება...დროებით უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევწყვეტთ ქუჩაში გასვლას"
06/07/2021 09:07:56 საზოგადოება
"თბილისი პრაიდში" აცხადებენ, რომ "ღირსების მარშის" გადადება ამ ღონისძიების გაუქმებას არ ნიშნავს.
"დროებით უარის თქმა ქუჩაში გასვლაზე არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევწყვეტთ ქუჩაში გასვლას. "თბილისი პრაიდი" იქნება ყოველ წელს. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იყო. ყოველ წელს ვიდგებით ჩვენ იგივე გამოწვევის წინაშე, თუ ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფომ არ იზრუნა იმაზე, რომ ეს ძალადობა არ იქნება წახალისებული და მათ მიერ ორკესტრირებული. ჩვენ არ გვჭირდება მალულად სადმე გასვლა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს და გვაქვს ამის უფლება, რომ მშვიდად არაძალადობრივად გავიდეთ ქუჩაში, სადაც გვინდა იქ", – განაცხადა "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელმა გიორგი თაბაგარმა.
"სირცხვილიას" აქტივისტის გიგა მაქარაშვილის თქმით, "პრაიდი აუცილებლად ჩატარდება":
"პრაიდის" კვირეულის ბოლო ღონისძიება – მარში მხოლოდ იმიტომ არ შედგა, რომ "პრაიდის" წევრებმა მიიღეს მაღალი ადამიანური გადაწყვეტილება.... "პრაიდი" ჩატარდება აუცილებლად, ეს იქნება შეთანხმებული თემთან. ვიტყვით დღეს და ადგილსაც. არაფერი დასამალი ამ ხალხს არ აქვს".
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.


