ადვოკატი ჟურნალისტებზე მოძალადეების დაცვაზე უარს ამბობს
06/07/2021 08:56:07 საზოგადოება
ადვოკატი გიორგი ფანცულაია ჟურნალისტებზე მოძალადე ნებისმიერი პირის დაცვაზე უარს აცხადებს. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მზად არის გუშინ დაზარალებულ ნებისმიერ ჟურნალისტს უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს.
"ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა და ამ ქმედებაში ბრალს დასდებენ, საჯაროდ ვაცხადებ, ნებისმიერი მათგანის დაცვაზე უარს! რა ჰონორარიც არ უნდა შემომთავაზონ!...
საპასუხოდ მზად ვარ უფასო იურიდიული დახმარება გავუწიო ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს!
#წერტილი," - წერს უფლებადამცველი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.


