ძალადობრივი მოვლენების შემდეგ რუსთაველზე დღეს მდუმარე აქცია გაიმართება
06/07/2021 08:50:18 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 სააათზე პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.
აქციას "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც უერთდება. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას აჩვენონ, რომ საქართველოში ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ.
"თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა რამე გამოძრავებთ, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები და აქ გინდათ იცხოვრონ, ხმა ამოიღოთ, აჩვენეთ ამ მართლა ყ...ბს, ვინ არის ყ.. დღეს საღამოს, 8 საათზე, გამოდით და ჩუმად დადექით. არავინ არაფერს გთხოვთ, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები, რაც ბღავილი და არაფერი. უბრალოდ გამოდით, ტრაკი გაანძრიეთ, 1 საათი დადექით და დაანახეთ ამ დედამო....ებს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ნორმალური ქვეყანა ააშენონ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული.
"გუშინ რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ამ ქვეყანაში მართლა უნდა ცხოვრება და გულწრფელად უნდა, რომ მისმა შვილებმა აქ იცხოვრონ. ეს იყო კარგად ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ერთად ხელისუფლებამ და საპატრიარქომ. გუშინ რაც ვნახეთ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის წინსვლას, კლავს ჩვენი შვილების მომავალს", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
აქციას უერთდება "ევროპული საქართველოც".
"20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ", - აცხადებს გიგა ბოკერია.
აქციას უერთდება დროაც.
"გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.
ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.
მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.


