რას წერს საერთაშორისო მედია თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე
06/07/2021 07:30:06 საზოგადოება
საერთაშორისო მედია 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია უკანონია, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია.
როგორც BBC წერს, ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" ღირსების მარშის გამართვა გააუქმა.
"მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა "პრაიდის" ორგანიზატორებს უარი ეთქვათ მარშის გამართვაზე უსაფრთხოების მიზეზების გამო, ხოლო მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება "მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის".
როგორც აქტივისტები აცხადებენ, მთავრობამ არც მათი და არც ჟურნალისტების უსაფრთხოება არ უზრუნველჰყო და სწორედ იგი არის ”პასუხისმგებელი დღევანდელ ძალადობაზე".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, მარშის პარალელურად, მოუწოდა საზოგადოებას, შეკრებილიყვნენ საჯარო ადგილზე ლოცვისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ ძალიან კონსერვატიულია.
2019 წელს, მემარჯვენე დემონსტრანტები გამოვიდნენ საქართველოში პირველი ლგბტქ თემაზე შექმნილი ფილმის პრემიერის წინააღმდეგ", – BBC გამოცემა.
Reuters დეტალურად აღწერს თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ "თბილისი პრაიდმა" დაგეგმილი მარში არ გამართა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფები ღონისძიების წინააღმდეგ გამოვიდნენ, შეიჭრნენ ორგანიზაციის ოფისში, დაუპირისპირდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. გარდა ამისა, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტურისტი დაჭრეს, რადგან მას საყურე ეკეთა".
გამოცემა შსს–სა და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასაც ციტირებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის ცნობით, რვა ადამიანი დააკავეს ძალადობის გამო, მოუწოდა აქტივისტებს, უარი ეთქვათ მარშის გამართვაზე უსაფრთხოების მიზეზების გამო. გარდა ამისა, პრემიერ–მინისტრმა გააკეთა განცხადება მარშის გამართვის მიზანშეუწონლობის თაობაზე:
"ღირსების მარშის" ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე".
![]()
როგორც გამოცემა წერს, "უფლებადამცველებმა დაგმეს ძალადობა და დაადანაშაულეს ღარიბაშვილი სიძულვილის ჯგუფების წახალისებაში".
ამასთან, Reuters სტატიაში საელჩოების ერთობლივ განცხადებასაც იხსენიებს:
"საქართველოში აკრედიტებულმა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის საელჩომ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმო ძალადობა და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება".
გამოცემა The Guardian საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას:
"პრემიერმა განაცხადა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარება არ არის მიზანშეწონილი". ამასთან, პარლამენტის წევრმა დაადანაშაულა "რადიკალური ოპოზიცია" "პრაიდის" ღონისძიებების დაფინანსებაში. [...] ძალადობრივი მოვლენების გამო მარში გაუქმდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალადობა დაიწყო "ღირსების მარშის" გამო თბილისში, ქალაქში, სადაც აქტიური ლგბტქ საზოგადოებაა, სადაც ასევე დაფიქსირდა (2013 წელს) ჰომოფობიური ნიშნით ძალადობა ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკოსებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერების ხელმძღვანელობით", – წერს The Guardian.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მოხდარის შედეგად მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა და განადგურებულია ტექნიკაც, რომელიც მათ თან ჰქონდათ.
![]()
Aljazeera იუწყება, რომ საქართველო კვლავ კონსერვატიულ ქვეყანად რჩება. კერძოდ, სტატიის ქვეთავში, სახელწოდებით „სახელმწიფოს მარცხი“, გამოცემა წერს:
„ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისკენ მიდრეკილ მთავრობებთან კონფრონტაციაშია. ამიტომ საქართველო კვლავ კონსერვატიულ ქვეყანად რჩება“.
გერმანული გამოცემა DW აღნიშნავს, რომ მთელი რიგი ინციდენტების, მათ შორის "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევის შემდეგ "ღირსების მარში" გაუქმდა.
"5 ივლისს აქტივისტები გეგმაზომიერად მიიწევდნენ მარშის გამართვისკენ, მიუხედავად პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ძალადობის მუქარისა. იმავე დღეს პრემიერ– მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარშს უწოდა "მიუღებელი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის", – იუწყება გამოცემა.
ძალადობრივ თავდასხმებზე საუბრისას DW წერს, რომ "პრაიდის" მოწინააღმდეგე მომიტინგეების, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლების სამიზნე მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ.
მისივე ცნობით, გერმანელმა დეპუტატმა მაიკლ როთმა საქართველოს ლგბტქ საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა.
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე სტატიები გამოაქვეყნეს, მათ შორის The Daily Beast–მა, Euractiv–მა და AP. ყველა მათგანი აღწერს მომხდარს და ყურადღებას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლონელი ტურისტის დაშავებაზე ამახვილებს.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.


