Accentnews.ge
"ტვ პირველის" ჟურნალისტი: "სასულიერო პირმა თმა მომქაჩა, ახლა მაინც გაგაჩუმებო"

"ტვ პირველის" ჟურნალისტი: "სასულიერო პირმა თმა მომქაჩა, ახლა მაინც გაგაჩუმებო"

05/07/2021 19:45:11 საზოგადოება

"ტვ პირველის" ჟურნალისტი ყვება, როგორ გაუსწორდნენ მათ ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში.ბაღათურიას თქმით, მასზე პირველმა სასულიერო პირმა იძალადა.

"პირველების" კორესპონდენტი იხსენებს, რომ "სირცხვილიას" ოფისში ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟების დამატებითი ძალები ადგილზე არ გამოიძახა. როგორ მოხვდა პოლიციის თანამშრომელი ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად, თუ მას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია ოფისის შესაძლო დარბევის შესახებ, ბაღათურია ამბობს, რომ შსს-მ წინასწარ იცოდა, რომ ეს ადამიანები ოფისში მიდიოდნენ.

"პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე, გამიზნული წიხლი და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა ეხლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო, ჩემმა ოპერატორმა უთხრა რას აკეთებ ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ, მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ", - აცხადებს მირანდა ბაღათურია.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S