Accentnews.ge
ნაცემი ჟურნალისტი: "ამ კადრებს ვერც ვუყურებ...ვიღაც ცხელი ყავის გადასხმასაც ცდილობდა... დაახლოებით, 300 მეტრი გავიარე და პოლიციელი არ მინახავს"

ნაცემი ჟურნალისტი: "ამ კადრებს ვერც ვუყურებ...ვიღაც ცხელი ყავის გადასხმასაც ცდილობდა... დაახლოებით, 300 მეტრი გავიარე და პოლიციელი არ მინახავს"

05/07/2021 18:20:02 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელსაც დღეს "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, დაახლოებით 300 მეტრი გაიარა, შველას ითხოვდა და პოლიციელი არ უნახავს.

"მე ამ კადრებს ვერც ვუყურებ. ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე, რომ მეყურებინა ეს კადრები. რაც შეეხება ამ ფაქტს, მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. [...] კითხვის დასმას ვცდილობდი მეუფე იოანე გამრეკელისთვის, როდესაც იქ მყოფი ადამიანებიდან დაიწყო აგრესია, როგორ მოხვდი აქო და ა.შ. გადამათრიეს იმ ტერიტორიიდან. მივხვდი, რომ მათთან კომინიკაციას აზრი არ ჰქონდა და შევეცადე გავრიდებოდი. ვიგრძენი პირველი დარტყმა, შემდეგ მეორე და დაახლოებით 10 ადამიანი დამესხა თავს. შემომახიეს პერანგი. [...] ვიღაც ცხელი ყავის გადასხმას ცდილობდა. [...] მივრბოდი და მირტყამდნენ. [...] პირველად მივხვდი რა არის დაუცველობა. დაახლოებით 300 მეტრი გავიარე და საერთოდ არ მინახავს პოლიციელი. ვიხვეწებოდი, იქნებ ვინმე იყოს, ვინც დამიცავს. ბოლოს ვიპოვე პოლიციელი, რომელიც გადამეფარა, მაგრამ ისიც უძლური იყო. დღეს გავრცელდა კადრები სადაც ჩანს სასულიერო პირი, მე დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა ეს ადამიანი მიცავდა თუ მცემდა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ იქ იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ", – განაცხადა რატი წვერავამ.

მისი თქმით, იგი უკვე დაზარალებურად სცნეს.

"აუცილებლად გაგრძლდება დავა სასამართლოში", – აცხადებს ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

უწყების ცნობით, გამოძიება ძალადობის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.

/ფოტო "ინტერპრესნიუსი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S