"პრაიდის" მოწინააღმდეგეებს “სირცხვილიას” ოფისი შეეშალათ და ერთ–ერთი მოქალაქის ბინაში შეიჭრნენ
05/07/2021 16:31:16 საზოგადოება
"პრაიდის" მოწინააღმდეგეებს “სირცხვილიას” ოფისი შეეშალათ და ერთ–ერთი მოქალაქის ბინაში შეიჭრნენ. ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.
"აი ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტიქტურად კარები გავაღე რა ხდებათქო? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარებს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაირბინეს ბინა ჩემი ყვირილის შემდეგ რომ მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ გავარდნენ. ჩემი შვილი ბავშვი პიჟამოში ახალგამოღვიძებული კანკალებდა დედა მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარები, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით. მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის "სირცხვილიას" ოფისი თურმე და როგორც მერე მივხვდი მათ საცემრად მიუვარდნენ. ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე. გამაგებინეთ ეს ქვეყანაა??? გამაგებინეთ საქართველოს მთავრობა როგორ დაუშვით ეს? სპეცრაზმი ხომ გამოგყავთ მაშინ როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად ...როცა ამის საჭიროებაა მართლა მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება?როგორ?", – წერს მოქალაქე და მისი თქმით, მოძალადეების მიერ დარბეული სადარბაზოს ფოტოებს აქვეყნებს:
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.


