"მწვანე ალტერნატივა" "რიონის ხეობის მცველებთან" კომუნიკაციას წყვეტს
05/07/2021 13:52:18 საზოგადოება
ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას.
"მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას", - წერია განცხადებაში.
მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით:
"მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა".
დღეს, 5 ივლისის დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდებოდა.
ამ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან ჩამოვიდნენ "რიონის ხეობის მცველები", მათ შორის ვარლამ გოლეთიანი.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, გოლეთიანი ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება.
"პრაიდთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ აზრი, ის, რომ მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებეთ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუნდაც ლგბტ ადამიანებს მიმართ თუ მედიის მიმართ, ან საერთოდ ძალადობის ფენომენი ბუნებრივია არის მიუღებელი ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. ჩვენც შესაბამისად ამ ყველაფერს ვემიჯნებით. უბრალოდ პრაიდის იდეას, როგორც არასწორ ფორმას, პროპაგანდას გარკვეული ცხოვრების წესისა, ვეწინააღმდეგებით", - თქვა გოლეთიანმა.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი. დაფიქსირდა ტურისტის დაჭრის ფაქტიც. პირმა, რომელსაც პოლონელი ტურისტის თმის ვარცხნილობა და საყურე არ მოეწონა, ოთხი ჭრილობა მიაყენა და „ეშმაკს“ უწოდებდა. თავდამსხმელი პოლიციის მისვლამდე ადგილობრივებმა გააკავეს. ძალადობრივი ჯგუფები მრგვალ ბაღთან დაედევნენ მოზარდებს, რომელთაც თმის სიგრძე დაუწუნეს.


