ISFED: "სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას"
05/07/2021 12:42:37 საზოგადოება
"სამართლიანი არჩევნები" (ISFED) შეშფოთებას გამოთქვამს დღეს თბილისში რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით.
ISFED–ს შეფასებით, "თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის კერები სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ აღკვეთეს, ხოლო, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ” პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა. ამდენად, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა მოძალადე ჯგუფები, რამაც საფრთხე შეუქმნა ათეულობით ჟურნალისტისა და აქტივისტის უსაფრთხოებას".
"ნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის აქტები და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტები". - აცხადებენ ორგანიზაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი კანონდამრღვევი პირების დაკავების შესახებ.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.


