“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი: "უსაფრთხოდ ვართ"
05/07/2021 08:50:16 საზოგადოება
“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებლის თამაზ სოზაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის აქტივისტები უსაფრთხოდ არიან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ განცხადებას.
“თბილისი პრაიდის გუნდმა მოძალადეების გამოჩენამდე დატოვა “სირცხვილიას” ოფისი. უსაფრთხოდ ვართ. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას ჩვენს გეგმებზე”, – წერს სოზაშვილი.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი სამიზნე სწორედ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი გახდა. აღნიშნული მოძრაობა "პრაიდის" კვირეულისა და "ღირსების მარშის" ორგანიზებაშია ჩართული. ოფისში შეჭრის მცდელობისას ჩაიმსხვრა მინები. ამასთან, ჰომოფობიური ჯგუფების წევრები თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ოპერატორსა და ჟურნალისტს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი მოვლენების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ აუცილებლად ჩატარდება.
მისი თქმით, მარშის მონაწილეები ეცდებიან ძალადობრივ ჯგუფებთან დაპირისპირებაში არ შევიდნენ და ღონისძიება მშვიდობიანად წარმართონ.
"ღირსების მარში" აუცილებლად შედგება. არ ვაპირებთ შიშმა გაგნგვისაზღვროს დღის წესრიგი. ჩენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს მარში და არ მოვხვდეთ დაპირისპირებაში ამ ჯგუფებთან და გავართვათ თავი ამ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა თაბაგარმა.


