ძალადობრივი ჯგუფები მედიის მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან
05/07/2021 07:35:40 საზოგადოება
ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან.
"ფორმულას" ჟურნალისტ გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. "ფორმულას" ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ასევე, სცემეს "ფორმულას" სხვა გადამღებ ჯგუფს - გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს.
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები.
ისინი თავს დაესხნენ "ტაბულას" ჟურნალისტ მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით "პრესა".
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს ლუკა პერტაიას.
თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტ თამთა კახაბერიძეს.
ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორს. ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, დაშავებულია მათი ჟურნალისტი და ოპერატორიც.
დაშავებულია “ტვ პირველის” 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორი.
მანამდე, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს და "ღირსების მარშის" ჩასაშლელად ემზადებიან.
ამ დროისთვის ყველა კარავი დაშლილია. დაამტვრიეს ბანერები.
"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სრულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბულობაა.
ცნობისთვის: პარლამენტის წინ რამდენიმე კარავი იყო გაშლილი. მათი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ეკუთვნოდათ და ისინი საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ.
რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილს და თამარ ბაჩალიაშვილის მამას. ისინი თავიანთი შვილების საქმეების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ამასთან, პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმასაც, რომელიც წლებია, ძმის გათავისუფლებას ითხოვს.
ბოლო პერიოდში პარლამენტის წინ კარვების აღებაზე “ქართული ოცნების” წევრებიც მიუთითებენ.
1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. "პრაიდის" კვირეული 1 ივლისს ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ "პრაიდის" მოწინააღმდეგეები, ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.
კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი.


