„თალიბანი“: "სექტემბრის შემდეგ ავღანეთში დარჩენილი ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი რისკის ქვეშ აღმოჩნდება"
05/07/2021 05:50:48 მსოფლიო
„თალიბანის“ განცხადებით, უცხო ქვეყნების სამხედრო ძალებმა ავღანეთი დათქმულ ვადაში – სექტემბერში უნდა დატოვონ.
"სექტემბერში ავღანეთიდან უცხოელი სამხედრო კონტიგენტის გასვლის ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი, როგორც ოკუპანტი, რისკის ქვეშ აღმოჩნდება", , – განაცხადა „თალიბანის“ პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა.
შაჰინის თქმით, „თალიბანი“ დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების ფუნქციონირების წინააღმდეგი არ არის:
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ უცხოური სამხედრო ძალების და არა დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების ფუნქციონირებისა – ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მათ არანაირ საფრთხეს არ შევუქმნით“.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, 2021 წლის მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. გეგმის მიხედვით, როგორც აშშ–მა, ისე NATO–მ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს.


