Accentnews.ge
"თბილისი პრაიდი": "მარშის საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გავავრცელებთ"

"თბილისი პრაიდი": "მარშის საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გავავრცელებთ"

05/07/2021 04:31:21 საზოგადოება

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, გუნდი "ღირსების მარშზე" უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და აქტიურ კომუნიკაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

მათი თქმით, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

"მეგობრებო, პრაიდ-კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მივუახლოვდით. ხვალ ღირსების მარშია!

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს "ღირსების მარშს" მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ. გელოდებით ღირსების მარშზე!" - ნათქვამია განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" პარალელურად, საპატრიარქო ქაშუეთის ტაძარში ორ პარაკლისს აანონსებს.

საპატრიარქო ორი პარაკლისის ჩატარების მიზეზად მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს ასახელებს.

"ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13 საათზეც. ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13 საათზე, ისე 17 საათზე", - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

მანამდე, საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა.

ცნობისთვის: 1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. "პრაიდის" კვირეული 1 ივლისს ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ "პრაიდის" მოწინააღმდეგეები, ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. შსს–ს ცნობით, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S