Accentnews.ge
"გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ და ვიმედოვნებთ, პოლიცია მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს"

"გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ და ვიმედოვნებთ, პოლიცია მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს"

04/07/2021 17:29:58 საზოგადოება

"გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ და ვიმედოვნებთ, პოლიცია მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს", – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელმა გიორგი თაბაგარმა "ღირსების მარშის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, "ღირსების მარში" თავისი არსით მშვიდობიანია.

"არ გვაქვს სურვილი, რაიმე კონფროტაციაში აღმოვჩნდეთ ჩათრეული. არ გვინდა, პირდაპირ აღმოვჩნდეთ საპატრიარქოს, ან სხვა ნებისმიერ მოძალადე ჯგუფთან, რომელიც ჩვენი აქციის წინააღმდეგ ორგანიზდება. ჩვენ გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი თავის პირობას შეასრულებენ და იქნებიან მშვიდობიანები, ჩვენც ჩვენს გეგმას შევასრულებთ, მსვლელობას გავმართავთ, ამით ჩვენი საზოგადოება და მათ შორის საპატრიარქო, რომელიც დაანონსებული ძალადობრივი აქციით ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, მხოლოდ მოიგებს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ რელიგიური კონფესიები, ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სამართალზე ძირითადი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ჩვენი უმაღლესი კანონი კონსტიტუციაა და არა რელიგიები, ამიტომ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ, მხოლოდ სახელმწიფოს პირდაპირი პრეროგატივაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმედი გვაქვს, პოლიცია თავის დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს“, – განაცხადა გიორგი თაბაგრმა.

"თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" პარალელურად, საპატრიარქო ქაშუეთის ტაძარში ორ პარაკლისს აანონსებს.

საპატრიარქო ორი პარაკლისის ჩატარების მიზეზად მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს ასახელებს.

"ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13 საათზეც. ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13 საათზე, ისე 17 საათზე", - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

მანამდე, საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა.

ცნობისთვის: 1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. "პრაიდის" კვირეული 1 ივლისს ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ "პრაიდის" მოწინააღმდეგეები, ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. შსს–ს ცნობით, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S