მეუფე საბა: "ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია"
04/07/2021 10:57:01 საზოგადოება
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ ქადაგებისას "თბილისი პრაიდის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქრისტეს სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია.
"ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეუბნებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. მაგრამ არის მეორე მხარე, როდესაც ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას", - განაცხადა ეპისკოპოსმა.
მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უფლებები:
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისათვის სათნო და რა არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში იქნება ეს საკუთარი ცხოვრების მაგალითის მიცემის. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობაა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები. ნებისმიერ ცოდვაზე შეიძლება ითქვას, აზარტული თამაშები იქნება თუ სხვადასხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ბევრი ჩვენთაგანის უმეტესი ნაწილი ამ ცოდვაშია, ჩვენ ამას არაფრით გავამართლებთ, მაგრამ ყოველთვის მექნება სიყვარულით დამოკიდებულება ცოდვილი ადამიანების მიმართ. ჩვენი ხელები ყოველთვის იქნება გაშლილი, როგორც მამის, რომელიც ელოდება თავის დაკარგულ შვილს, რომ მიიღოს, ჩაიხუტოს. ძნელია განვიკითხოთ სხვა ადამიანები, მაგრამ უნდა ვეცადოთ სიყვარული გამოვხატოთ ყველა ადამიანის მიმართ. მაცხოვარი განკაცდა და ჯვარს ეცვა არა მხოლოდ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის და არავინ იცის ვინ როგორ დაასრულებს საკუთარ ცხოვრებას და ვის როგორი სინანული ექნება“, - განაცხადა მეუფე საბამ.
ცნობისთვის: 1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. "პრაიდის" კვირეული 1 ივლისს ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ "პრაიდის" მოწინააღმდეგეები, ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.
კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. შსს–ს ცნობით, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა.


