ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი "პრაიდზე": “მე არ მომწონს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ"
04/07/2021 10:37:16 საზოგადოება
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი „თბილისი პრაიდის“ საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონის ფარგლებს გადავა".
„საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია,რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა. სინამდვილეში, ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისია არის, დაამოწმოს ქრისტე მაცხოვარის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი და მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს, მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია- სიტყვა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისი თქმით, პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მღვდელმთავარს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა “თბილისი პრაიდი”.
„დღევანდელი პრობლემა რა არის, თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?! არის რაღაც ნაკლებად და მეტად მიუღებელი. ის, რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
რაც შეეხება კითხვას, „თბილისი პრაიდის“ საკითხზე სახელმწიფო უწყებებთან ჰქონდა თუ არა საპატრიარქოს კომუნიკაცია, მან უპასუხა, რომ უცნობია, ვინ დგას საპატრიარქოს ბოლო განცხადებების უკან.
„ეკლესიის სახელით საერთოდ საუბრობს წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადებების უკან უშუალოდ პატრიარქი დგას, მღვდელმთავართა რაიმე ჯგუფი, თუ რომელიმე სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის: 1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. "პრაიდის" კვირეული 1 ივლისს ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ "პრაიდის" მოწინააღმდეგეები, ისინი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.
კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. შსს–ს ცნობით, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა.


