საქართველოში კორონავირუსით ორჯერ აცრილების 0,2% დაინფიცირდა
02/07/2021 16:16:52 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილია 100 ათას ადამიანზე მეტი და მათი მცირე ნაწილი აცრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა.
"ვსწავლობთ აცრის შემდგომ დაინფიცირების მაჩვენებელს. ორჯერად აცრილებში გვაქვს [ინფიცირების–რედ] 0,2%, ერთჯერადად აცრილებში გვაქვს 0,8%... მედიცინაში აბსოლუტური, 100%–იანი დაცვა არ არსებობს. არ არსებობს აცრა, რომელიც 100%–ით იცავს, მაგრამ ეს აცრები იცავს 80-დან 95%–ის ფარგლებში. ყველა ეს ვაქცინა იცავს გართულებისგან და ფატალური შედეგებისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღეს ვაქცინის პირველ დოზებზე რეგისტრაცია პრაქტიკულად შეჩერებულია. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ქვეყანაში მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები დღეს ჩამოვიდა და ვაქცინაციის პროცესი 5 ივლისიდან განახლდება.


